დღეს უწყებათაშორისი კომისიის ბოლო სხდომაზე ამომრჩევლის ნების ტოტალურ კონტროლზე იმსჯელეს. სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ამომრჩევლების პირადი მონაცემების მოგროვების შესახებ საკითხი არასამთავრობო სექტორმა დააყენა.
მათი აზრით, პროცესი ცალსახად უკანონო იყო, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იზიარებენ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური აცხადებს, რომ უბნის გარეთ განვითარებული პროცესები სერიოზულ დარღვევას წარმოდგენს.
„ახლა ვიხილეთ ერთი სიახლე, რაც ამ არჩევნებს ახასიათებდა, რომ პროცესმა უბნის გარეთ გადმოინაცვლა უბნის შიგნით, რაც ამ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება ცალსახად იმ ჩანაწერებს და იმ კანონმდებლობას, რაც საქართველოს აქვს,“ - განაცხადა ლელა ტალიურმა.
ტალიურის თქმით, ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო ვერსიას არ წარმოადგენს და ამ ინფორმაციის მიღება და შემდეგ დამუშავება ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით, დაუშვებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ სამაგიდო სიებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელების წვდომასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც ჩააყენეს საქმის კურსში.
„სამომავლოდ შეიძლება, საკანონმდებლო ცვლილებებიც შევიდეს ამ კუთხით და არა მარტო ამ კუთხით და დაიხვეწოს რეგულაციები, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.