„ეს ახალი ცივი ომია, ჰიბრიდული ცივი ომი,“ - ეს განცხადება ბრუკინგზის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, სტრონ ტელბოტმა ბრაიან ფოგელის ფილმის „იკარუსი“ წარდგენის დღეს გააკეთა. ბრაიან ფოგელის ფილმი „იკარუსი“, რომლის გადაღება კალიფორნიელმა რეჟისორმა დოპინგის უბრალო ექსპერიმენტით დაიწყო და მისდა უნებურად, რუსეთის მთავრობის მონაწილეობით მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია, ვაშინგტონში, ბრუკინგზის ინსტიტუტში უჩვენეს.
ინსტიტუტის პრეზიდენტმა სტრობ ტელბოტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის დღევანდელი რეჟიმი მსოფლიო წესრიგისთვის.
მოსკოვის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა როდჩენკოვმა სოჭის ოლიმპიადის დროს სპორტსმენთა ანალიზების მასობრივი გაყალბება დაადასტურა და განაცხადა, რომ დოპინგის გამოყენების პროგრამა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო მართული.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მონრეალის სათაო ოფისმა გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი, რიჩარდ მაკლარენი ჩართო. მაკლარენმა ცოტა ხანში საკუთარ დასკვნაში როდჩენკოვის მიერ გახმაურებული ფაქტები დაადასტურა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთის ფედერალური უშიშროების ჯგუფი ლაბორატორიაში, დადებითი პასუხის მქონე ტესტების შესაცვლელად იმყოფებოდა.