24 თებერვალი 2018,   09:59
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - საკანონმდებლო პაკეტზე უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე იმსჯელებენ. ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენენ უცხოელი ექსპერტებიც.

პაკეტის ინიციატორების თქმით, სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე კეთდება.

„საუბარია იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა გახდეს უფრო ჰუმანური და დასჯა შეიცვალოს ზრუნვისა და პრევენციის მექანიზმებით. აქ საუბარია იმაზე, რომ მომხმარებელი იმ მინიმალური რაოდენობის განსაზღვრის და შეთანხმების შემთხვევაში, ინდივიდუალური მოხმარების ამ დოზის შემთხვევაში არ გახდეს პატიმარი,“ - განმარტავს “ქართული ოცნების“ წევრი ლევან კობერიძე.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია და მმართველ გუნდს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ სახელმწიფოში მოქმედებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც არ არის ორიენტირებული ჰუმანური ნაბიჯებისკენ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის მიმართულებით. ჩვენმა ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა დაუახლოვდეს ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი კოტე იოსელიანი.

კანონპროექტი „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, კანონი ორიენტირებული უნდა იყოს პრევენციაზე და დახმარებაზე.

„სისტემა არ უნდა იყოს რეპრესიული, არამედ იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ პრევენცია მოხდეს და იყოს მათი დახმარების საშუალება და არამც და არამც არ უნდა იყოს ორიენტირებული რაღაცის გაიოლებაზე ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს წევრმა“ გიგი წერეთელმა.

დღის ამბები