23 ნოემბერი 2017,   20:43
ვრცლად
"აბუსურდული და გაუმართლებელი"-არასაპარლამენტო ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

არასაპარლამენტო ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. 

აბუსურდული და გაუმართლებელი-ასე აფასებს საკადრო და სტრუქტურულ გადაადგილებებს „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი. თამარ კეკენაძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სექტორს უკავშირდება, მცდარია. 

„ის, რაც პრემიერმა კვირიკაშვილმა უსაფრთხოების  სექტორთან მიმართებაში გააკეთა, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და აბსურდული ცვლილებები. მე ვგულისხმობ იმას, რომ კრიზისების საბჭო რეალურად იქცევა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საბჭოდ. ეს იმ შემთხვევაში და იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ისედაც უსაფრთხოების საბჭო იქნა გაუქმებული და ჩვენ ვიღებთ რეალობას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი უწყება, რომელიც იმუშავებს სტრატეგიული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ.

ცვლილებები არ მოსწონს შალვა ნათელაშვილსაც. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პასუხისმგებლობას  იმ ამომრჩეველს აკისრებს, რომლებმაც არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს. ნათელაშილი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების მიხედვით წამყვან პოსტებს იკავებენ ის პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არიან დაახლოებული.

„საბანკო დირექტორი ემზადება სამუდამო მმართველობისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარმოდგენილია ივანიშვილის ბიზნეს მენეჯერი რუსეთის ფედერაციაში და კრემლის სპეცსამსახურთა რეზიდენტი საქართველოში ბატონი გახარია,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი პირი  კი ივანიშვილის ოჯახის მოლარეა.

ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩში“ კი სტრუქტურულ ცვლილებებს მიესალმებიან. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამინისტროების რიცხვის შემცირება ნიშნავს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. მისივე თქმით სამთავრობო ხარჯების ასე შემცირება კახა ბენდუქიძის შემდეგ ვერავინ ვერ გაბედა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ახლა მთავარია ბიუროკრატიული შემცირებული ხარჯები 2018 წლის ბიუჯეტში მოხვდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები