სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, ახალი უწყებების ხელმძღვანელებს, ჯერ კიდევ არ აქვთ კონკრეტული პასუხები, რამდენით და როგორ შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და როგორ აისახება სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის ბიუჯეტზე.
სავარაუდოა, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, მთავრობაში დასაქმებული ჩინოვნიკების რაოდენობა შემცირდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უწყებაში შემცირება მოხდება. როგორც ცნობილია სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთიანდება.
„ამ ცვლილებებს იურდიული საფუძველი სჭირდება და ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები დასრულდება, ჩვენ ალბათ, ოპტიმიზაციის გეგმით მზად ვიქნებით, რომ საზოგადოების წინაშე წარვდგეთ. ბუნებრივია, შემცირება იქნება. ამოცანაც ეს არის, რომ მოხდეს ეკონომია, ეფექტიანი მართვა. სსიპ-ები და აიპ-ები თუ იმ კონკრეტულ ფუნქციებს ემსახურება, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესასრულებლად საჭიროა, ისინი შენარჩუნებული იქნება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით იმუშავებს, აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით მეტი ოპტიმიზაცია მოხდება.
„კარგი თანამშრომლობა გვქონდა სახელწიფო მინისტრის აპარატთან, ყველა თანამშრომელთან, ჩვენ აუცილებლად ღია პროცესით ამ შერწყმის პროცესს განვახორციელებთ. ყველა პროფესიონალს ამ მიმართულებით მომავალი ექნება და თანამშრომლობა გაგრძელდება. არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.