გაურკვეველია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 346 თანამშრომლის მომავალი. სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს, ახალგაზრდობის ნაწილი კი, განათლების სამინისტროს უერთდება.
კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყება სპორტის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მან დაანონსა, რომ იქნება შემცირებები, თუმცა რამდენით, არ დაუკონკრეტებია.
გიორგაძემ აღნიშნა, რომ სპორტის მინისტრის მოადგილეებიდან ერთი ან ორი, უკვე მისი მოადგილის პოსტებს დაიკავებენ.
„ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება. გარდაუვალია შტატების შემცირება,“ - აღნიშნა გიორგაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ახალგაზრდობის ჯანსაღი წესი იქნება პრიორიტეტული. მისი განცხადებით, სტრატეგიის გეგმას მალე წარადგენენ.