23 ნოემბერი 2017,   20:39
ვრცლად
პრემიერის ბიზნესინტერესები - კვირიკაშვილი შესაძლოა, 60-ზე მეტი კომპანიის არაფორმალური მფლობელი იყოს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაფორმალურად შესაძლოა, 60-ზე მეტ კომპანიას ფლობდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა პლუსმა" გამოაქვეყნა. გაზეთი წერს, რომ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი მართავენ, რეალურად კი ამ ბიზნესების უკან მთავრობის მეთაური დგას.

ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი ადასტურებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიზნესთან პრემიერს არაფორმალური მმართველობა არ აკავშირებს.

კვირიკაშვილის და მისი სამეგობროს ერთობლივი ბიზნესის ისტორია 2004 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს გიორგი კვირიკაშვილმა, რაფიელ სურამელაშვილმა და ლევან ნოზაძემ კომპანია შპს „იბერ კონსალტინგი“ დააფუძნეს. მეგობრებს საკუთარი წილები კვირიკაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადაუფორმა. გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, წილების გადაფორმება ფიქტიურად მოხდა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის სამეგობროს არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მხოლოდ რაფიელ სურამელაშვილის კომპანიები 193 სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობდნენ.

სკანდალური სტატიის ფიგურანტები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველებიც არიან. პრემიერის მეგობარმა, რაფიელ სურამელაშვილმა ბოლო ორი არჩევნების დროს მმართველ პარტიას 105 ათასი ლარი აჩუქა.  
 

დღის ამბები