19 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა - თვითმმართველობის ორგანომ მუშაობა ბრალდებების ფონზე დაიწყო 

თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. დარბაზში პოლიტიკური ბრალდებები ისმოდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა ის მეთოდები, რომელიც არჩევნების მოსაგებად გამოიყენა.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ოპოზიციას კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურის დამტკიცებაში "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა არ მიუღია, ის ამბობს, რომ მთავარი მომდევნო 4 წელია, როცა საკრებულოს ათასობით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაშიც ოპონენტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარეების ახალი მოადგილეები დაამტკიცეს. გიორგი ტყემალაძემ ამ პოსტებზე გიორგი ახვლედიანი, მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე წარადგინა.

მე-6 მოწვევის საკრებულოში სულ 6 ფრაქცია იქნება - "ნაციონალური მოძრაობის", რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, გოკა გაბაშვილის თავმჯდომარეობით შექმნის ერთ ფრაქციას ”ევროპული საქართველო” და 4 ექნება "ქართულ ოცნებას". ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა არ აქვს საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსს", რადგან პარტიამ მხოლოდ ორი მანდატი მიიღო.

ახალი მოწვევის საკრებულომ ხვალ კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები უნდა დაამტკიცოს. 

დეპუტატის მანდატზე უარი თქვა "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, ნიკა მელიამ, რომლის ნაცვლადაც დეპუტატის მანდატს მარიკა დათუკიშვილი მიიღებს. უფლებამოსილება შეუჩერდათ "ევროპული საქართველოდან" დავით დარჩიაშვილსა და დავით ავალიანსაც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები