23 ნოემბერი 2017,   20:48
ვრცლად
დავით რაქვიაშვილი სუს-ისა და საგარეო დაზვერვის გაერთიანებით გამოკვეთილ ტენდენციებზე საუბრობს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, უსაფრთხოების სისტემის რეფორმას არჩევანის ეთერში ეხმაურება. მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთ უწყებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ოპტიმიზაცია ლოგიკურად მიაჩნია და მიესალმება ამ კუთხით გადადგმულ ცვლილებებს.

„ვერცერთ კრიზისულ ვითარებაში, რომელიც შეიძლება, ჩამოყალიბდეს საქართველოში, არადა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ მუდმივი ჰიბრიდული ომის პირობებში რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ არა გვაქვს საზავო ხელშეკრულება დადებული და ეს აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, რომ რუსეთი იყენებს ძალიან აქტიურ ჰიბრიდულ მეთოდებს ჩვენს საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

მან ასევე, იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც უშიშროების საბჭოს გაუქმებას მოჰყვება.

„ნებისმიერი კრიზისული ვითარების ჩამოყალიბების შემთხვევაში, საქართველოში არ იქნება ინსტიტუციური პლატფორმა, სადაც პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ის კრიტიკული ფიგურები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკას ან აქვთ პოლიტიკური წონა, რომ ამ საკითხებზე იმსჯელონ, შეიკრიბებიან ერთად,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, სტრატეგიული შეხვედრებისთვის პლატფორმა აღარ იარსებებს. დავით რაქვიაშვილმა ცვლილებების მოტივზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოში აღარ იქნება ადგილი, სადაც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაზე ისაუბრებენ.

„ახალ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი სრულიად აბსურდული თავდაცვის საბჭოს შექმნის თვალსაზრისით... მაგრამ ეს არ არის ის ორგანო, რომელიც ჩაანაცვლებს ან გარკვეული თვალსაზრისით მაინც, ოდნავ კომპენსაციას მაინც გააკეთებს უშიშროების საბჭოს გაუქმების. ამიტომ აუცილებელია, რომ დღეს, მითუმეტეს, ამ სტრუქტურული ცვლილებების ფონზე გაგრძელდეს კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების პლატფორმა,“ - აცხადებს რაქვიაშვილი.

საგარეო დაზვერვის და სუს-ის გაერთიანებაზე საუბრისას გამოკვეთილ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები დეცენტრალიზაციის და გაძლიერებული ინსტიტუტების ნაცვლად, მართვის გაადვილების მოტივაციით ხდება. 

„არის ტენდენცია, რომ ამ დეცენტრალიზაციის და გაძლიერებული ინსტიტუტების ნაცვლად, ალბათ, მართვის გაადვილების მოტივაციით ხდება ეს სტრუქტურული ცვლილება... კონტრდაზვერვითი საქმიანობა, სპეცსამსახურების საქმიანობა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საკმაოდ დიდი ძალაუფლების წყაროს. ამ ძალაუფლების კონცენტრირება ერთი უწყების ან ერთი ადამიანის ხელში, მას აძლევს ინსტრუმენტს, რომ ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღებზე,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები