23 აპრილი 2024,   22:19
ვრცლად
"სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.

პუტინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს სამხრეთ ოსეთის სუვერენულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა, ამ მიზნით რუსეთის ბიუჯეტიდან დამატებითი რესურსების გამოყოფის პირობა დადო და იქვე აღნიშნა, რომ მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს ოკუპირებული რეგიონის სასაზღვრო და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეხვედრაზე განიხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხი.

„ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ასამდე შეთანხმება გაფორმდა. დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის საკითხს. ყველა ეს შეთანხმება ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური შემადგენლის განვითარებას,“-განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დღის ამბები