19 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ოპოზიცია ხელისუფლების უუნარობაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი პასუხს ეროვნული ბანკისგან ითხოვს 

ეროვნული ვალუტის ვარდნას ოპოზიცია ხელისუფლების უუნარობას უკავშირებს. საპარლამენტო ოპოზიცია იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამოც მათი თქმით, ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება.

„დღეს გვაქვს შედეგი იმ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არის მათ პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ ამის ფასი თითოეულმა ჩვენმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გადაიხადოს,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ გააჩნია და მისი გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება.

„ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც რა თქმა უნდა ამძიმებს სოციალურ ფონს მთელს ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს სამწუხაროდ არ აქვს,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მმართველი გუნდი კი ეროვნული ბანკისგან უფრო მეტად გამჭვირველე პოლიტიკის წარმოებას ითხოვს.

„როდესაც ასეთი ეკონომიკა გვაქვს როგორიც ჩვენ გვაქვს, ის ყოველთვის არის მოწყვლადი და შესაძლებელია გარკვეული ტიპის მცურავი კურსი არსებობდეს. ეროვნული ბანკის სამიზნე არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ამ ორივეს ერთად რეგულირება ძალიან ძნელია. რამდენად წარმატებულია ის? ხარვეზები არის, მაგრამ საგანგაშო ჩემი აზრით არ არის ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ფასების მატება,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების მიუხედავად, ეროვნულ ბანკში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ოფიციალური მონაცემებით დოლარი 2.68 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.70-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები