19 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
თანამდებობა მხოლოდ ხუთმა გამგებელმა შეინარჩუნა

დედაქალაქის გამგებლებიდან თანამდებობა ხუთმა მათგანმა შეინარჩუნა. თანამდებობაზე მხოლოდ ზურაბ ჩიკვილაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა მიქაუტაძე, ნოდარ ტურძელაძე და ირაკლი ხელაძე რჩებიან.  

კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებელი რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. 

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ვაკის რაიონის გამგებელი  ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონის კი ზურაბ ჩიკვილაძე იქნება.

დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას  ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობას კი ირაკლი ხელაძე დაიკავებს.

გლდანის რაიონის გამგებელი იქნება ბექა მიქაუტაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი კი ლევან ჯაფარიძე.

რაც შეეხება მთაწმინდის რაიონს, აქ გამგებლის თანამდებობას დავით კირკიტაძე დაიკავებს, ისნის რაიონში კი კახა ლაბუჩიძე დაინიშნა. სამგორის რაიონის გამგეობა დავით კერესელიძეს ჩაბარდა.  

თბილისის მერის განცხადებით, გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული რაიონების პრობლემების მოგვარებაში. კალაძე ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა გამგეობები და გამგებლები ეფექტიანად მუშაობდნენ.

გამგებლობის კანდიდატებს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს. შემადგენლობა მერის განმარტებით საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება. კახა კალაძემ გამგებლებს მუშაობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა გულწრფელად წარმატებები გისურვოთ, რადგან თქვენი წარმატებები არის მერიის წარმატება, დედაქალაქის წარმატება. გექნებათ ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთად შევუდგეთ საქმიანობას.

თუმცა აქვე უნდა განვაცხადო, ამავდროულად ვიქნები ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისა და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები