20 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - ოჯახის წევრები მესამე დღეა მათ უშედეგოდ ეძებენ 

უკრაინიდან გამოძევებულების ჩამოყვანას ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს 9 მოქალაქე. მათ შორის ერთ-ერთი რსუთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი. ​დეპორტირებულებს ოჯახის წევრები უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

ახლობლები შიშობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაკავებისას სცემეს.

ისინი ინფორმაციას ინტერნეტში გავრცელებული ახალი ამბებით და პირადი წყაროებით იგებენ, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული არაფერი იციან.

დაკავებულთა შორის ის ქართველი მებრძოლები არიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე უკრაინის ინტერესებს იცავდნენ.

კიევში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნა უკვე დაატოვებინეს, თუმცა საქართველოში ისინი ამ დრომდე არ ჩამოსულან.

დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება უკრაინული ტელეარხის ეთერში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს და მათი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პარალელურად, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ნაცემი მძღოლის კადრებია ასახული.

ამ თავდასხმაში სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებს ორი მანქანა.

საქართველოს დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ ახსნა განმარტებას რადას წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც.

დღის ამბები