15 დეკემბერი 2017,   23:58
ვრცლად
მოწმის მტკიცებით, ილიჩევსკის პორტში თავზე ტომარაჩამოცმული დეპორტირებული ქართველების ბორანზე აყვანას შეესწრო

უკრაინიდან 9 ქართველის დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა. მას შემდეგ დეპორტირებულების ახლობლები მათი ადგილსამყოფელის დადგენას  უშედეგოდ ცდილობენ. დაზუსტებული პასუხი მათ არც უკრაინაში გასცეს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გამოძევებულებს შორის რუსთავი2-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილია, რომლის საცხოვრებელ ფართშიც 17 ნოემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, სისხლის კვალი იპოვეს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქართველი ტელეოპერატორი სასტიკად არის ნაცემი.

მესამე წელია, რაც თამაზ შავშიშვილი რუსთავი2-ის კიევის ბიუროში, ჟურნალისტ ზურა ხვისტანთან ერთად, მუშაობს და ყველა იმ მოვლენას აშუქებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში დეპორტაციის საფრთხის წინაშე შესაძლოა, თავად ზურა ხვისტანიც დგას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინის მთავრობა ოპოზიციაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიმართ მიზანმიმართულ ნადირობას ახორციელებს და რამდენიმე კვირისა თუ დღის ინტერვალით ქვეყნიდან მათ დეპორტაციებს ახორციელებს, 17 ნოემბერს გაუჩინარებული  ქართველების ისტორია მაინც განსხვავებული და საგანგაშოა.

ქართველების დაკავების ოფიციალურ საფუძვლად უკრაინულმა ძალოვანმა უწყებამ ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა.

უკრაინიდან გამოძევებული ქართველების ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. მათ შორის  მთავარ ვერსიად გაუჩინარებულების ბორანზე ყოფნა რჩება.

ანონიმური წყარო იუწყება, რომ არსებობენ თვითმხილველები, ვინც ილიჩევსკის პორტში თავზე ტომარაჩამოცმული ტყვეების ბორანზე აყვანის ოპერაციას შეესწრენ.

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები