16 დეკემბერი 2017,   00:01
ვრცლად
ბათუმის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

ბათუმის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ცხრამეტი ხმით საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის პოსტზე სულიკო თებიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართვლოს“ წევრებს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მირდატ ქამადაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პარტიამ დღევანდელ კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღო.

„დღევანდელ კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს ბათუმში შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების, სპეცოპერაციის შედეგად მოსული საკრებულოს უმრავლესობა. მთალიანი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

განცხადება გააკეთა ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სულიკო თებიძემაც.

„მე ვარ მზად, ვითანამშრომლო ნებისმიერ ორგანიზაციასთან, ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ პიროვნებასთან. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება. ოღონდ მოვიდეს იდეები და ბათუმისთვის რაც შეიძლება ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს,“ - განაცხადა სულიკო თებიძემ.

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებიც ისმოდა. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, შუახევის რაიონში საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა. ფარულ კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის მას 13 ხმა სჭირდებოდა, „ქართულ ოცნებას“ კი 19 დეპუტატი ჰყავს. ყველა მათგანი კენჭისყრაში მონაწილეობდა, თუმცა როგორც შედეგებიდან ჩანს, მათმა ნაწილმა ხმა თანაგუნდელის წინააღმდეგ მისცა.

 

 

დღის ამბები