17 დეკემბერი 2017,   04:18
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პრემიერს, მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ

„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს,“ - ეს განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული უწყების ფუნქციონირება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფების მანიშნებელია.

"საქართველო თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე სოციალური სამართლიანობის და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ემსახურება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საერთო ამოსავალი წერტილია.

"ამ ფონზე, მიუღებელია საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა. გარდა სტრუქტურული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების დახურულ კარს მიღმა მიღებისა, საზოგადოებას არ განემარტა თუ როგორ მოხდება აპარატის სხვადასხვა ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ხელისუფლების, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი. მაშინ, როდესაც საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინი, ქვეყნის შიგნით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში რეფორმების გატარებას უკავშირდება, კითხვის ქვეშ დგება თუ როგორ განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის წარმართვაა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას.

"მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები