18 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
კახა კალაძე საკრებულოში ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტს ცვლილებებისთვის ამზადებს

თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოდან ნარმანიას წარდგენილი ბიუჯეტი უკან გამოაქვს და ცვლილებებისთვის ამზადებს. კალაძის გუნდი არ აკონკრეტებს, რის შეცვლას აპირებენ თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, თუმცა აანონსებენ რომ ცვლილებები მასშტაბური იქნება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 815 მილიონი ლარია, თუმცა ეს ფული კახი კალაძის მიერ დაგეგმილი პროექტებისთვის საკმარისი არ არის. ახალი მერი ამბობს, რომ დამატებით თანხებს მოიზიდავს. კალაძე ფინანსური დახმარებისთვის, პრემიერ კვირიკაშვილს მიმართავს, რომ პროექტები თბილისში ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. თანხების ეკონომიას ახალი მერის გუნდი რეორგანიზაციის შედეგადაც გეგმავს, რომელიც მერიაში იგეგმება.

პარალელურად, ევროპულმა საქართველომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის ალტერნატიული ვერსია უკვე მოამზადა. გოკა გაბაშვილმა დღეს მერს წარუდგინა გეგმა, როგორ უნდა დაზოგოს 200 მილიონი ლარი. ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს "ნაციონალური მოძრაობაც," სადაც ალტერნატიულ დოკუმენტს 25 ნოემბერს გაასაჯაროვებენ.

წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციის შეთავაზებებს სახელისუფლებო გუნდი არ გაითვალისწინებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კოლეგების ინიციატივები პირველივე დღეს პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა.

დღის ამბები