24 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
საგარეო უწყება არ იცავს მოქალაქეების უფლებებს - ოპოზიცია კიევიდან გამოძევებულ ქართველებზე

კიევიდან გატაცებული და უკრაინიდან გამოძევებული პირები სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ - მათ შორის არის "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, რომლის შესახებ 3 დღის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი.

არ არის გამორიცხული, უკრაინის შემდეგ დეპორტირებულებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართონ.

„უკრაინიდან ჩემი გამოძევება უკანონო იყო, უკრაინაში მუშაობენ იურისტები, რათა სამართლიანობას მიაღწიონ. თუ უკრაინაში სამართლიანობას ვერ მივაღწევთ, აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში შევიტანთ სარჩელს,“ - განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.

ოპოზიცია კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარის გამო, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს.

„საგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მათი მოვალეობაა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმ ღონისძიებებზე საუბრობენ, რომელიც საგარეო უწყებას უნდა განეხორციელებინა. მათი თქმით, დაუშვებელია დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არჩევდეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც მინიმუმ უნდა საპროტესტო ნოტა გაეგზავნა შესაბამისი უწყებებისთვის უკრაინაში. უნდა გამართულიყო მაღალ დონეზე დემარში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში უნდა დაებარებინათ უკრაინის ელჩი. სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო უწყებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ხმამაღლა დაეფიქსირებინა, რომ საქართველოს სახელმწიფო იცავს ყველა თავის მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები