19 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ცხრამეტი ხმით საკრებულოს წევრებმა პოსტზე სულიკო თებიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართვლოს“ წევრებს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებიც ისმოდა.

„კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბათუმში შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების, სპეცოპერაციის შედეგად მოსული საკრებულოს უმრავლესობა. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება „ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი მირდატ ქამადაძე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მე ვარ მზად ვითანამშრომლო ნებისმიერ ორგანიზაციასთან,პარტიასთან, პიროვნებასთან. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ოღონდ მოვიდეს იდეები და ბათუმისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს,“ - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ.

რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს შუახევში. „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა.

დღის ამბები