ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა შუახევში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომის დასაწყისშივე გააკეთა განცხადება. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე განხორციელდა ზეწოლა და დაევალათ ბიულეტენებში განსხვავებული ფიგურები შემოეხაზათ.
კენჭისყრის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე 20 ხმით აირჩიეს და 8 ბიულეტენი სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურით შემოხაზული დაფიქსირდა.
შუახევის საკრებულოში თავმჯდომარეს მეორე დღეა ირჩევენ. მმართველ გუნდს 19 დეპუტატი ჰყავს, ფარული კენჭისყრის დროს 12-მა დაუჭირა მხარი, თავმჯდომარის არჩევას მინიმუმ 13 ხმა სჭირდებოდა.
„გუშინ ყველა ძალოვანი იყო ჩართული და კონკრეტულად იმ საკრებულოს წევრებს მოსთხოვეს სამკუთხედების და კვადრატების შემოხაზვა. ეს ინფორმაცია მე კენჭისყრამდე გავაჟღერე. ზუსტად ვიცოდი, რომ დაავალეს, რომ ასე შემოეხაზათ და ბოლომდე გაშიფრულიყვნენ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოსლან ზოიძე.