25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია შსს-ს დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს 

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიცია შს სამინისტროს დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ უწყება ტყუოდა, როდესაც აქცენტს გარდაცვლილის მიერ ფსიქოტროპული საშუალების მიღებაზე აკეთებდა.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ როგორმე მიჩქმალონ ეს ფაქტი და როგორმე არ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მოქმედებდნენ კანონსაწინააღმდეგოდ. ეს არის სწორედ ის ძალიან ნიშანდობლივი ხარვეზი, რომელიც ახასიათებს შს სამინისტროს,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში პოლიციის და საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო ზრდის.

„როდესაც შს სამინისტრო იმის მაგივრად რომ იყოს სიმართლის გამორკვევის სადარაჯოზე, ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და საზოგადოებას თავს ახვევს არასწორ აზრს, ეს აჩენს უნდობლობას მთლიანად საგამოძიებო პროცესის მიმართ. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ შს სამინისტრო იტყუებოდა,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო სექტორი.

„ასეთ შემთხვევებზე სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ნდობა გამოძიების და იმ პროცესის რომელიც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ გამუდმებით იმაზე, რომ საჭირო არის სპეციალური დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა იმისთვის, რომ ასეთი სახის შემთხვევები გამოიძიოს ასეთმა საგამოძიებო უწყებამ,“ - აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა. დასკვნაზე აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები