25 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდნენ გაბრიელ სალოსის გამზირზე - ბლოკირებულია რამდენიმე კორპუსის შესასვლელი

სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალებია მობილიზებული გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობენ, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. გამთენიისას განხორციელდა შტურმიც - ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ხელყუმბარები ისროლეს. ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მათ სამართალდამცველები საკუთარ სახლში ამ დრომდე არ უშვებენ. 

„აფეთქებების ხმამ და სროლამ გამოიწვია მოსახლეობის პანიკა. სადარბაზო დაცალეს სადაც სავარაუდოდ ეს ტერორისტები ცხოვრობდნენ და ფოტომასალა გვაქვს, სადაც ჩანს რომ სადარბაზოს სამი სართული მთლიანად არის დანგრეული. სავარაუდოდ გამოყენებულია ალბათ ასაფეთქებელი საშუალებები,“-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანა კობახიძე. 

ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომელთა დაკავებასაც ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. დაკავების სპეცოპერაცია უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს.

არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც, ასევე მივიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები