18 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
უმრავლესობა ხვალ ომბუდსმენის კანდიდატურებზე იმსჯელებს

არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო უმრავლესობას ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს. კერძოდ, საუბარია ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებზე.

არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული პირების გარდა, უმრავლესობა ხვალ, სავარაუდოდ, სოფო ხორგუანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურებზეც იმსჯელებს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ყოფილი პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თითოეული კანდიდატი პრინციპული და ღირსეული ადამიანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუკი ამ პროცესში მოხდება კონსენსუსი სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ გუნდს შორის და თავად მმართველ გუნდშიც მოხდება კონსენსუსი. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან იყოს ეს პროცესი მხარდაჭერილი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

უფლებადამცველი, სოფო ხორგუანი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, შეთავაზება არ მიუღია. თუმცა აცხადებს, რომ შეთავაზების მიღებაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი კონცეფცია და შეხედულებები დაემთხვევა ერთმანეთს.

„შეთავაზება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც გთავაზობს, რომ იყავი ჩემი მაკონტროლებელი,“ - განაცხადა ხორგუანმა.

სახალხო დამცველის პოზიციაზე წარსადგენი კანდიდატების შესახებ ხვალ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ და საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი სწორედ ამ კონსულტაციების შედეგ შეჯერდება.

დღის ამბები