16 დეკემბერი 2017,   00:01
ვრცლად
სპეცოპერაციის მეორე დღე - ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას ითხოვს

მასშტაბური სპეცოპერაციის დასრულებიდან 24 საათის შემდეგ ოპოზიციას პასუხგაუცემელი კითხვები ისევ აქვს. პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, ის აინტერესებთ, ვის ებრძოდნენ ქართული სპეცსამსახურები 22 საათის განმავლობაში.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, როგორ მოხვდა ამხელა შეიარაღება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში და ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას ითხოვს და განმარტავენ, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებისგან ინფორმაციას დახურულ სხდომაზე მიიღებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპონენტებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებამდე ძალოვანების პარლამენტში დაბარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ, ამ ეტაპზე მხოლოდ ცნობილია, რომ დამნაშავეთა ჯგუფის 3 წევრი ლიკვიდირებულია, ერთი დაკავებული.

ოფიციალური უწყებების ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, ამ დრომდე არც მათი სახელები და გვარები და არ ისაა ცნობილი, რომელი ქვეყნის პასპორტით მოხვდნენ ისინი თბილისში.

დღის ამბები