25 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
„ქაოსი, რომელსაც მე ვხედავდი, მაფიქრებინებს, რომ მართვის ცენტრი არ მუშაობდა“ - ირაკლი ქადაგიძე სპეცოპერაციაზე

„ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი იქმნება ასეთი საფრთხე, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ტაქტიკური ოპერაციების მართვის ცენტრი,“ - ეს განცხადება „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიძემ, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში, გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე საუბრისას გააკეთა.

„იმაზე საუბარი, რომ ეს სპონტანურად იყო დაგეგმილი თუ გრძელვადიან რეჟიმში მიმდინარეობდა ამის დაგეგმარება, არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი იქმნება ასეთი საფრთხე, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ტაქტიკური ოპერაციების მართვის ცენტრი და მას უნდა დაენიშნოს ხელმძღვანელად მეთაური, რომელიც თავისი კომპეტენციით აგებს პასუხს ამ ოპერაციების მართვის ცენტრის მართვაზე,“ - აცხადებს ქადაგიძე.

ქადაგიძე გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს და აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ იყო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა მას კადრებში ხედავდა ხელის კავშირის საშუალებით.

„ქაოსი, რომელსაც მე ვხედავდი, ეს მაფიქრებინეს, იმას რომ მართვის ცენტრი არ მუშაობდა,“ - აღნიშნა ქადაგიძე.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლის თქმით, ეკრანებიდან მხოლოდ პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმების წევრების ქაოტური მოძრაობა ჩანდა.

„ის, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ქაოტურად, ამის თქმის საფუძველს მაძლევს იმ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების კომენტარები, რომლებიც ჩემთან ისხდნენ და უყურებდნენ ამ სპეცოპერაციებს. აბსოლუტურად ყველას აზრი იყო ერთი, არ იყო მმართველობა, ხელმძღვანელობა, მმართველობა კომპეტენციის ფარგლებში,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი არ ჩანდა, რომელიც მმართველობას ხელში აიღებდა.

ქადაგიძემ განხორციელებულ ევაკუციასთანაც დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი ის იწყება, უნდა დაიწყოს სწრაფად და სწრაფადვე დასრულდეს.

„არანაირ კონტექსტში არ ჯდება ის, რომ დაიწყო ევაკუაცია და ღამის პირველი საათის შემდეგ შეწყვიტო და გააგრძელო ისევ დილით. აქ არის ზუსტად პრობლემა,“ - აცხადებს ქადაგიძე და აღნიშნა, რომ უნდა

მან ასევე, მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმცირეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა ყოფილიყო პირი, რომელიც დოზირებულად მიაწვდიდა ინფორმაციას მოსახლეობას. ამის მიზეზად კი, ტაქტიკური ოპერაციების მართვის ცენტრის არაორგანიზებულად მუშაობას ასახელებს.

ქადაგიძე აქვე აღნიშნავს, რომ საზოგადობას უნდა ქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის წინააღმდეგ ტარდებოდა სპეცოპერაცია.

„სახელები, გვარები და მათი სურათები უნდა იყოს უკვე ცნობილი ადამიანებისთვის,“ - აცხადებს სამართალდამცველთა დაცვის ლიგის დამფუძნებელი, ირაკლი ქადაგიძე.

 

 

დღის ამბები