19 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
ჩატაევის კავშირი ანტიტერორისტულ ოპერაციასთან - ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხებს ელოდება

ორი დღის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არა ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე, როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევი თბილისში.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩატაევის მომხდარში მონაწილეობა დადასტურდება, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწევთ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაც.

„ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწევს უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, კერძოდ: როგორ მოხვდა ცალხელა და ცალფეხა ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტების სიაშია შეყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ხელისუფლების უშუალო მონაწილეების გარეშე ვერ მოხდებოდა. მეორე, როგორ მოხდა ის, რომ ასეთ ადამიანს, საერთაშორისო ტერორისტს მოუხსნეს ყველა ბრალდება ივანიშვილის პროკურატურის პირობებში, მხოლოდ იმიტომ, რომ გაემართლებინათ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ არსებული ბინძური ჭორი და ის გაათავისუფლეს, გაუშვეს სირიაში,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან განმარტებებს ითხოვს „ევროპული საქართველოც“.

„თუ დასტურდება საბოლოო ჯამში, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის ახმედ ჩატაევი, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ სწორედ ეს ხელისუფლება და „ქართლი ოცნება“ იყო, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ახმედ ჩატაევი ძალიან საეჭვო გარემოებებში გაათავისუფლა და გაუშვა ქვეყნიდან. მაშინ მათ მოუწევთ ახსნა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები