19 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

"ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები,"- ნათქვამია შსს-ის გაბცხადებაში

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები