24 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", სადაც ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სასტუმროში უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

შს მინისტრის ღამით გაკეთებულ განცხადებას, რომ სასტუმროს სახანძრო კიბე არ ჰქონდა, აჭარის სამაშველო და აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსიც ეხმაურებიან.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა თურმანიძე სახანძრო კიბის არარსებობასთან დაკავშირებულ კითხვას დაზუსტებით არ პასუხობს და აღნიშნავს, რომ ელოდება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას.

„ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავასრულეთ სამუშაოები და გამოძიების დასრულების შემდეგ ჩვენ გვეცოდინება არა მარტო კიბის არსებობის შესახებ, არამედ თუ რამე კიდევ სხვა ხარვეზი იყო,“ - განაცხადა მამუკა თურმანიძემ. 

სამაშველო სამსახურის დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე მინისტრის განცხადებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სახანძრო კიბე აქვს სასტუმროს, თუმცა მაშველებმა მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ შეძლეს.

დღის ამბები