19 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
გამგეობამ სოფელ მაღლაკში ერთადერთი საძოვარი შეცდომით გაყიდა

სოფელ მაღლაკში ერთადერთი საძოვარი გაყიდეს. მაღლაკელებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ტერიტორიების სოფლისთვის დაბრუნება მოითხოვეს. თუმცა, გამგეობაში მისულ მოსახლეობას უპასუხეს, რომ შეეშალათ, მიწის მარჯვენა და მარცხენა მხარე აერიათ და სტატუსი საძოვრებს შეცდომით შეუცვალეს.

2016 წელს, წყალტუბოს გამგეობამ 120 ჰექტარ მიწას სახნავ-სათესის სტატუსი მიანიჭა და ახლა სასათბურე მეურნეობის გაკეთებას გეგმავს. მიწის რომელი მხარის პრივატიზებას ითხოვდა ქონების მართვის სააგენტო და რომელი უნდა დარჩენილიყო საძოვრად, ამის გარჩევის დროს შეცდომა აღიარა წყალტუბოს მერიის წარმომადგენელმა.

კონსტანტინე ტყეშელაშვილი ადასტურებს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმების მიუხედავად, მიწის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს სტატუსი არასწორად შეეცვალა.

შეცდომას არ აღიარებენ იმერეთის რეგიონულ სამსახურში. დავით გორდელაძე პრობლემის შექმნას თავად მოსახლეობას აბრალებს. მისი თქმით, ადგილობრივები სტატუსის ცვლილებაში გამგეობას ჯერ დაეთანხმნენ, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.

გამგეობის გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდებიან მაღლაკის მაცხოვრებლები. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ერთადერთი საძოვრის გამოყენების საშუალებას არავის მისცემენ და პერმანენტული აქციებით და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

მოსახლეობის თქმით, მათი შემოსავალი საქონელზეა დამოკიდებული და თუ ერთადერთ საძოვარს წაართმევენ, საქონელი საკვების გარეშე დარჩებათ.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი, თაკო სურგულაძე.

დღის ამბები