18 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! - გიორგი კვირიკაშვილი სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი მოზარდის გარდაცვალებაზე

"უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს," - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიცირება.

"ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

"ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს," - აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი მოზარდი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინდარეობს გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირია დაკავებული, ხოლო მეორე მოზარდის დასაკავებლად მიმდინდარეობს სამძებრო სამუშაოები.

დღის ამბები