24 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აკმაყოფილებდა ნორმებს - ქირურგი დავით ლოლაძე მოზარდების სისხლიან გარჩევაზე

„სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აკმაყოფილებდა ნორმებს, პაციენტი იყო აგონიურ მდგომარეობაში,“ - ეს განცხადება ქირურგმა დავით ლოლაძემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთელობის შეფასებისას გააკეთა.

მან გაიხსენა შეყვანის დროს პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები და აღნიშნა, რომ მოზარდს 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის 5 იყო შემავალი.

„პაციენტს ჰქონდა ძალიან მძიმე დაზიანებები მიყენებული. უმნიშვნელოვანესი ჭრილობა იყო ბარძაყის მიდამოს ჭრილობა, რომელიც აზიანებდა ბარძაყის არტერიას და ვენას, ეს ორი გახლავთ მაგისტრალური სისხლძარღვი, რომელთა დაზიანებაც, პრაქტიკულად, მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, ითვლება უმძიმეს ტრავმად,“ - განაცხადა დავით ლოლაძემ.

მისი თქმით, სისხლის გადასხმა შეყვანის დროიდანვე დაიწყო. ქირურგის თქმით, მის გადასარჩენად რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობდა.

„გარდაცვალება გამოიწვია კომპლექსურმა პრობლემამ, მიყენებულმა ტრავმამ, ტრავმის სიმძიმემ, სისხლის დანაკარგმა. პაციენტს, პრაქტიკულად, დაკარგული ჰქონდა სისხლის სრული მოცულობა, შემდეგ მოხდა მისი შევსება სისხლით,“ - განაცხადა ქირურგმა.

მისი თქმით, სისხლის შედედება ვერ მოხერხდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

დღის ამბები