25 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - მირზა სუბელიანმა საქართველოს პროკურატურას გათავისუფლების თხოვნით მიმართა

პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მირზა სუბელიანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მირზა სუბელიანი ერთ-ერთი მოსწავლის მამაა, რომელიც შემზარავი მკვლელობის შემსწრე იყო.

სუბელიანის თქმით, მისმა შვილმა გამოძიებას მომხდარის დღესვე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, მან საქართველოს მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

”პირველ რიგში მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც, შოკში ჩაგვაგდო. ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.

"მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა, ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს,“ - ნათქვამია მირზა სუბელიანის განცხადებაში.

დღის ამბები