15 დეკემბერი 2017,   18:05
ვრცლად
"კომერციული ბანკები თქვენ დასვით ნარკოტიკულ ნემსზე" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობს

მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ოპოზიციას აინტერესებს, რა პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, რატომ ვერ გაამართლა ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ და საერთოდ, იყო თუ არა კობა გვენეტაძის წარმომადგენელი მისული შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ოფისში.

„რატომ არ ამბობთ ხოლმე ხმამაღლა, როცა ამა თუ იმ ნაბიჯს დგამს მთავრობა არასწორს, ეს რა შედეგს მოიტანს. გაგახსენებთ, როცა აქციზი მოუმატეს საწვავზე, ეროვნულმა ბანკმა  ფორმალურად მაშინ პარლამენტისადმი მიწერილ წერილში დაწერა, რომ ეს გამოიწვევს ინფლაციას, მაგრამ ხომ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამას ექნებოდა ძალიან მძიმე გავლენა ფასებზე, ჩვენს მოქალაქეებზე და ამავდროულად თქვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩებათ აწიოთ განაკვეთი სესხზე,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას გაუჩნდება ცდუნება, რომ სავალუტო ჯიხურები ან აკრძალოს ან შეზღუდოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს, რაზეც კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ჯანსაღი კამათი და განხილვები მთავრობასთან.

„თუ როდისმე მთავრობას ექნება ასეთი შეთავაზება, რომ უნდა დაფიქსირდეს გაცვლითი კურსი, არ ვიცი სავალუტო ჯიხურებით იქნება თუ როგორ ვფიქრობ, რომ იმ განზომილებაში, რაც არის არ მოხდება, მე პირადად უარყოფითი დამოკიდებულება მექნება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ინფლაციასთან დაკავშირებით განმარტებები კობა გვენეტაძეს „ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმაც მოსთხოვა. მისი თქმით, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიზეზად ასახელებდა ეგზოგენურ ფაქტორებს და არცერთხელ არ უხსენებია მას შიდა ფაქტორები.

ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, თვლის თუ არა კობა გვენეტაძე, რომ ლარის ვარდნა უკავშირდება მთავრობის არასწორ პოლიტიკას.

„635 მილიონი დეპოზიტებზე დაუდო მთავრობამ კომერციულ ბანკებს და მიუხედავად იმისა, რომ ავტეხეთ ჩვენ განგაში და გვეგონა, რომ ოდნავ მაინც თავს შეიკავებდა მთავრობა განსაკუთრებით ლარის გაუფასურების ფონზე, სამი დღის წინ 20 მილიონი კიდევ წაუმატა კომერციულ ბანკებს. რატომ მისცა ეს 20 მილიონი ლარი? გამოდის, რომ კომერციული ბანკები დასვით თქვენ ნარკოტიკულ ნემსზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები