23 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
უმნიშვნელოვანესი იქნება, როდესაც მე ჯვარედინი წესით, კრიტიკულად დავკითხავ ექსპერტებს, რომელიც ჩაატარებენ გვამის ექსპერტიზას-ტარიელ კაკაბაძე

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნებს,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გააკეთა. ტარიელ კაკაბაძე იმ მოზარდის ადვოკატია, რომელიც დღეს თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. 

„ჩემთვის პირადად, როგორც ადვოკატისთვის, იმისათვის რათა დადგინდეს საქმესთან დაკავშირებით უტყუარი ჭეშმარიტება, უმნიშვნელოვანესი იქნება, როდესაც მე ჯვარედინი წესით, კრიტიკულად დავკითხავ ექსპერტებს, რომელიც ჩაატარებენ გვამის ექსპერტიზას. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება გაიგებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი, რომელიც დღეს ჩაბარდა პოლიციას, აცხადებს, რომ მისი მიზანია, სიმართლე დადგინდეს.

„ჩემი მიზანი არ არის, ადამიანი, რომელმაც თუნდაც რაღაც წვლილი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, გაექცეს მართლმსაჯულებას და არ დაისაჯოს, ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია დადგინდეს სიმართლე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი თუ ჩვენ გავასაჩივრებთ ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული მოზარდი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა, ხოლო მეორე მათაგანი დღეს თავად ჩაბარდა პოლიციას. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ორი არასრულწლოვანის გარდაცვალებით დასრულდა. 

 

დღის ამბები