„კიევიდან საოცარ, სიურეალისტურ კადრებს ვიღებთ. ეს ადასტურებს, რომ უკრაინული სისტემა, რომელშიც ოლიგარქები დომინირებენ, ნაწილობრივ ჩამოშლილია,“ - ასე აფასებს ევროკავშირის ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სტივენ ბლოკმანსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
სტივენ ბლოკმანსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოროშენკოს მიღწევებისა, ამ ეტაპზე უკრაინაში დემოკრატიული პროცესები შეჩერებულია.
„პოროშენკოს ლტოლვამ ძალაუფლებისადმი, გააჩინა ძალები ქვეყანაში, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს. მიშა სააკაშვილი ინსტრუმენტი იყო, რომელიც თავად პოროშენკომ დაიქირავა, მაგრამ შემდეგ პასპორტი ჩამოართვა. ამ ყველაფერმა ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რომლის ამოვსებაც პოროშენკოს ძალიან გაუჭირდება,“ - აცხადებს სტივენ ბლოკმანსი.
ამერიკელი ანალიტიკოსი, ჯონ ჰერბსი მოხარულია, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი აღარ არის დაკავებული.
„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როდესაც ის პირველად ჩავიდა და ოდესის გუბერნატორი გახდა. თუმცა, შემდგომში მისი რეიტინგები დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში აღარ უშვებდნენ, საზღვარი გადაკვეთა და აქციებშიც მონაწილეობა დაიწყო. თუმცა, ამან მაინც ვერ შემატა მას პოპულარობა,“ - აცხადებს ჯონ ჰერბსი.