25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
Guardian, Reuters, Financial Times, BBC - საერთაშორისო მედია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ წერს

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ დასავლური მედია წერს. ბრიტანული გამოცემა Guardian სააკაშვილის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებს. მასალაში, სათაურით “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დააკავეს”, ბრიტანული გამოცემა დღეს დილით კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

Guardian ყურადღებას სააკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაძაბულ ურთიერთობაზე ამახვილებს. ბრიტანული გამოცემა პოროშენკოს პრორუს პრეზიდენტად მოიხსენიებს.

კიევში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს ბრიტანული საინფორმაციო საშუალება Reuters. სტატიაში, სათაურით “ქაოტური სცენა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში დააკავეს” აღნიშნულია, რომ მხარდამჭერებმა სამართალდამცავების მანქანის გარშემო ბარიკადები ააგეს.

“სააკაშვილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პირისპირ, დაკავება კიევში ბინის ჩხრეკის შემდეგ” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “რადიო თავისუფლება”. სტატიაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებს დაკავების მიზეზი დაუყოვნებლივ არ განუმარტავთ.

კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს Financial Times. სტატიაში, სათაურით “უკრაინულმა პოლიციამ მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი “სახურავის დრამაში” დააკავა”, გამოცემა წერს, რომ უკრაინის პოლიციამ სააკაშვილს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. Financial Times ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი ძალადობრივად გამოაძევეს.

“კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს” - ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალა BBC-მ. ბრიტანული მედიასაშუალება კიევში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და ყურადღებას ამახვილებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოში კი, მას პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები