24 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
„დღეს მორიგი მარცხი განიცადა ოლიგარქიულმა რეჟიმმა" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში განვითარებულ მოვლენებზე და მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობაზე საუბრობს. მელია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მას პირადად დღეს კონტაქტი არ ქონია, თუმცა დღეს კიევის განვითარებულ მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებს.

„ისტორიას, გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, წერს უდიდესი მასშტაბის რეფორმატორი პოლიტიკოსი, რომელმაც მოიყვანა მოძრაობაში ხალხის ძალა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, კიევში ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ოლიგარქიულ მმართველობასა და პოლიტიკურ კლასს შორის და ბრძოლის სათავეში ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი დგას.

„დღეს მორიგი მარცხი განიცადა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ოლიგარქიულმა რეჟიმმა. არავისთვის დასამალია არ არის და ყველაფერი ზედაპირზე დევს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და პირველი შემთხვევა არ არის ეს. დიახაც, მათი მორიგი და ჩემი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცხი, რომელიც ძალიან მალე დაგვირგვინდება საბოლოო მათი მარცხით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე.

„დავაანონსეთ ხვალ, ღირსების მანიფესტაცია, 2 საათზე, მეტრო "რუსთაველთან", სადაც ველოდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის მომავალზე,“ - აღნიშნა ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგანან.

„ეს არის დასაწყისი და ეს უნდა იყოს საჩვენებელი მანიფესტაცია ოლიგარქიული მმართველისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის საქართველოში და ბატონი პოროშენკოსთვის უკრაინაში,“ - ამბობს მელია და აცხადებს, რომ ხვალინდელ აქციაზე მათი სამომავლო გეგმების შესახებ გააჟღერებენ ინფორმაციას.

დღის ამბები