25 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
ოფიციალურად ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მთელი დღეა, რადას წინ იმყოფება 

მიხეილ სააკაშვილი დღეიდან ოფიციალურად ძებნილია. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის ფოტო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო კატეგორიაში განათავსა - პერსონებში, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან.

სამინიტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინარდა. გაუჩინარების ადგილი ქალაქი კიევია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს.

ძებნილი სააკაშვილი კი დღეს მთელი დღეა, იმ შენობის წინ დგას, სადაც უკრაინის გენერალური პროკურორიც მივიდა, ოდესის ყოფილ გუბერნატორს გვერდი აუარა და რადაში სხვა შესასვლელით შევიდა.

იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილი ამ დრომდე ვერ დააკავა. ლუცენკო დეპუტატებს კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ სააკაშვილს დააკავებს. გენერალურმა პროკურორმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოუწოდა, თავად ჩაბარდეს სამართალდამცავებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ, აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება. სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სანდრა რულოვსმაც მიმართა. 

სააკაშვილის მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ ღამით სპეცრაზმი საქართველოს ექსპრეზიდენტის აყვანას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა ამჯერად ისინი უფრო დიდ ძალას გამოიყენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები