25 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
სასაფლაოზე მოკლული 17 წლის მოზარდი - ბრალდებული საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ოფშკვიტის სასაფლაოზე კლასელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. ივერი კოტორაძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა არ არის გამორიცხული 18 წლის ახალგაზრდა საბრალდებო სკამზე მარტო არ აღმოჩნდეს. პროკურატურა მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობის საკითხს სწავლობს.

17 წლის თორნიკე ბაღაშვილი სოფლის სასაფლაოზე სისხლიან გარჩევას შეეწირა.  გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, თანაკლასელებს შორის კონფლიქტი ბრალდებულის მიერ მობილური ტელეფონის ქურდობის შემდეგ დაიწყო. ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე ბაღაშვილი მეგობარს ნაქურდალი ნივთის დაბრუნებას სთხოვდა. ბაღაშვილმა სახლში ფულიც ითხოვა, რომ ტელეფონი გოგოსთვის დაებრუნებინა.

კლასელებს შორის მკვლელობით დასრულებულ სიტყვიერ შელაპარაკებას 5-ზე მეტი მოზარდი ესწრებოდა. სოფლის სასაფლაოზე საქმის გასარჩევად თორნიკე ბაღაშვილს თანატოლები ახლდნენ. ოჯახს მათთან კითხვები აქვს, რადგან მათივე მტკიცებით, მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

17 წლის თორნიკე ბაღაშვილს ხვალ დაკრძალავენ.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები