23 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
გურიაში გარდაცვლილი მსაჯის საქმე - საფეხბურთო სამყაროში ოჯახის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ

გურიაში გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ლანჩხუთის გუნდში და მსაჯთა კომიტეტში გარიგებული თამაშების ვერსიას გამორიცხავენ. საფეხბურთო სამყაროში ოჯახის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

„ჩვენ რაც დაგვემართა წელს, რომ გავარდა ეს გუნდი, ესეც საკმარისია ჩვენთვის და ამას მოყვა ეს ჭორები. გარიგებებთან დაკავშირებით ეს სისულელეა, ეს არის ზღაპარი. მე რა ვიცი რა მოხდა, მე თვითონ შოკში ვარ, ამ ახალგაზრდა კაცმა რატომ გააკეთა ასეთი რაღაც, რა ქონდა ასეთი პრობლემა ვეღარ გავიგე,“ - აცხადებს ლანჩხუთის ”გურიას” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი მამუკა ელიკაშვილი განმარტავს, რომ მსაჯებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ და ისინი გარიგებებზე არ წავლენ. მისი თქმით, მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რასაც არ ეთანხმება ილო ღლონტის მეუღლე და შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შემდგარ შეხვედრას იხსნებს. მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა და ფიგურირებდა თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

გარდაცვლილის მეუღლის განმარტებით, მსაჯს აუკრძალეს შეხვედრაზე ინფორმაციის გასაჯაროვება და დეტალები არც ოჯახის წევრებს გაუმხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ლანჩხუთის „გურიასა“ და თელავის გუნდს შორის რამდენიმე დღის წინ შემდგარ თამაშზე, სადაც გურიამ წააგო და შედეგად მეორე ლიგა დატოვა.

 

 

დღის ამბები