25 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
2018 წლის თბილისის ბიუჯეტს საკრებულოს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. პარტიებში განმარტავენ, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით, არ ხდება სოციალურად დაუცველების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის ზრდა, პენსიების ზრდა და პენსიონერებისთვის მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერების გამოყოფა.

„ჩვენს მიერ დაყენებული საკითხები არის თბილისელებზე მორგებული, მაგალითად ის, რომ 1.18 ლარი არ არის სოციალურად დაუცველებისთვის საკმარისი და სამჯერ უნდა გაიზარდოს. კალაძე ამბობს, რომ 1.18 ლარი საკმარისია. მეორე, პენსიონერები ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, ამიტომ ვთქვით, რომ მათ მიეცეთ კონკრეტული ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებენ. ასევე მივუთითეთ მუხლები, საიდან შეიძლება ამ თანხების მოძიება. ასევე შევთავაზეთ, რომ კომუნალური ვაუჩერი აღუდგინონ თბილისელებს ზამთარში მაინც. ამ ყველაფერზე ამბობს კახი კალაძე უარს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დეპუტატების განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუთვალისწინებიათ არც ზამთარში კომუნალური ვაუჩერების ამოქმედება.

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ განხორციელებულიყო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ანუ მაღალი თანამდებობის პირებზე არ ყოფილიყო პრემია-დანამატები და სხვადასხვა ფუფუნების საგნები და აღნიშნული თანხა მოხმარებულიყო პენსიონერებისთვის პენსიის მატებას. ბიუჯეტი სამწუხაროა, რომ არ პასუხობს თბილისელების მთავარ პრობლემებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა.

დღის ამბები