20 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
ირმა ჭკადუა "ადვოკატთა ასოციაციაში" კლანურ მმართველობაზე საუბრობს

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ირმა ჭკადუა ორგანიზაციის არჩევნებში წინასაარჩევნოდ არსებულ არათანაბარ პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ორგანიზაციაში კლანური მმართველობაა და კანდიდატებს არ ეძლევათ საშუალება, თანაბარ პირობებში აწარმოონ კამპანია "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად.

„არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად ტრიალებდნენ და ასევე ერთმა და ორმა თუნდაც ათმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რა ჯობია ადვოკატებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ, ჩვენთვის საპატივცემულო პიროვნებამ, ზაზა ხატიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მემკვიდრე დაგვიტოვოს,“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ და აღნიშნა, რომ ასოციაციაში ფინანსები ნაწილდება არასწორად და მივლინებებით სარგებლობენ ვიწრო წრეები.

მისივე თქმით, ზაზა ხატიაშვილი ცდილობს, რომ "ადვოკატთა ასოციაციაში" დავით ასათიანის სახით დატოვოს მემკვიდრე.

კლანურ მმართველობაზე საუბრობენ "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის სხვა წევრებიც. დავით ებრალიძის თქმით, კანდიდატები ადვოკატებისთვის თანამდებობების შეთავაზებებით ვაჭრობენ.

თავად "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაციის ფინანსებზე ზედამხედველობას აღმასრულებელი საბჭო ახდენს, რომლის წევრიც ირმა ჭკადუაა და მისთვის გაუგებარია, ახლა რატომ გაახსენდა მას ეს პრობლემა.

„ირმა ჭკადუა ალბათ იმიტომ იყრის კენჭს, რომ გაგვლანძღოს ჩვენ, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. ეს ჩემი შეხედულებაა და ასევე მე ვფიქრობ, რომ თუ ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ფინანსები ცუდად იხარჯება, ეს მისი ბრალიც არის. იმიტომ, რომ აღმასრულებელი საბჭო არის მაკონტროლებელი ორგანო თავმჯდომარის თითოეულ ნაბიჯზე. 5 დღით ადრე რომ გაახსენდა ირმა ჭკადუას, რომ ფინანსები არ იხარჯებოდა სწორად, ეს მისთვის მიმინდია. 4 წლის განმავლობაში ეგ დალოცვილი რას აკეთებდა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა და აღნიშნა, რომ დავით ასათიანზე, რომელსაც ბრალს დებენ, რომ ასოციაციის ხარჯებით საზღვარგარეთ დადიოდა, არცერთი თეთრი მასზე გაცემული ორგანიზაციიდან არ არის. 

დღის ამბები