15 დეკემბერი 2017,   17:56
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებს, გამოიძიონ საახალწლო განათებებში დახარჯული თანხების მიზნობრიობა 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ საახალწლო განათებებში დახარჯული მილიონების მიზნობრიობა. საკრებულოს ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე საახალწლო ილუმინაციებში 3 მილიონი ლარი დახარჯა.

ხელშეკრულება კი, იმ კომპანიას გაუფორმა, რომელიც იტალიაში, მილანშია რეგისტრირებული. ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

„ეს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და ეს ხელშეკრულება გაფორმდა იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც „შემთხვევით“ საბანკო ანგარიშები აქვს მილანში. საგამოძიებო უწყებებს ვთხოვ დაინტერესდნენ, რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ კომპანიის შერჩევა და რატომ მოხდა სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა კი განმარტავს, რომ ყოველწლიურად საახალწლო განათებებისთვის იხარჯებოდა მილიონ ნახევარი ლარი და ეს იყო ერთჯერადი გამოყენებისთვის და უხარისხო. ირაკლი ზარქუას განცხადებით, წელს აქცენტი გაკეთდება ხარისხზე. 

დღის ამბები