19 აპრილი 2024,   21:54
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძე დღეს დაკრძალეს

დღეს დაკრძალეს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძე. 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი შემთხვევის შემდეგ 12 ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის გადასარჩენად 22 საათის განმავლობაში საავადმყოფოს რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. მას ინტენსიურად უტარდებოდა სისხლის გადასხმის პროცედურები. ჩაუტარდა სამი გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა უშედეგოდ.

ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

“უნდა დასრულდეს გამოძიება, ჩვენ უნდა გვქონდეს სრული სურათი. შეიძლება ძალიან ბევრი რამ, წინასწარ რაც გაჟღერდა, სრულად არ შეეფერებოდეს სიმართლეს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას, უკვე ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს და ვისი არა,“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

სამოქალაქო პანაშვიდს ესწრებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

„შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს განიხილავს, როგორ შეიძლება უსაფრთხოება გაძლიერდეს სკოლებში. ჩვენ ველოდებით ამ რეკომენდაციებს. ვიქნებით აქტიურად ჩართული და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დავუჭერთ მხარს,“ - აცხადებს მარიამ ჯაში.

ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

„საშინელი ტრაგედიების კასკადია. ასე გაგრძელება უკვე დანაშაულია სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან, მომავალი თაობის წინაშე. ჩვენ მასწავლებელი უნდა დავუბრუნოთ სკოლას, არ შეიძლება პედაგოგი იყოს შეშინებული, ხელფასზე მიბმული, საარჩევნო აქტივისტი,“ - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 51-საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა დავით ლაგვილავამ.

„მე იმედს გამოვთქვამ, რომ სახელმწიფო და კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა ზომას მიმართავს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს სკოლებში,“ - განაცხადა ლაგვილავამ.

 

დღის ამბები