15 დეკემბერი 2017,   17:59
ვრცლად
მასობრივი შემცირებები პოლიტიკური ნიშნით - ახალციხეში გამგეობიდან თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყო

მასობრივი შემცირებები პოლიტიკური ნიშნით - ახალციხეში, თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალური თემის გაერთიანების შემდეგ, გამგეობიდან ადამიანების გათავისუფლება დაიწყო. მიღებული გადაწყვეტილების გამო, ახალციხეში 25 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით შეამცირეს და რომ სამსახურიდან უშვებენ ყველას, ვისაც პირადად, ან ახლობლების დონეზე რაიმე კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიებთან.

ყოფილი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ მათი საშტატო ერთეული არ შემცირებულა და მხოლოდ მათი ჩანაცვლება მოხდა. ყოფილი საჯარო მოხელეები მათ გათავისუფლებაში ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს ადანაშაულებენ.

ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან სულ 25 ადამიანია გაშვებული, პროცესი ახლა იწყება გამგეობასა დაქვემდებარებულ აიპ-ებშიც.

„ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. იმის გამო, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ევროპული საქართველოდან“, ამის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კერძოდ ზაზა მელიქიძემ მიიღო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გამათავისუფლა სამსახურიდან,“ - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ეკა ტატალაშვილი.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელე თეა ბაღდოშვილი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას, მისი მეუღლის პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრობას უკავშირებს.

ყოფილი საჯარო მოხელეების ბრალდებებს უარყოფს ახალციხის მერი და აცხადებს, რომ შემცირებები მხოლოდ ოპტიმიზაციით არის გამოწვეული.

„მოსაზრება თითოეულ ადამიანს აქვს ინდივიდუალური. მე შემიძლია დაგიდასტუროთ და გითხრათ, რომ მე არ ჩავრეულვარ საკრებულოს კადრების განხილვაში,“ - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულები არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.

„ხდება ოპტიმიზაცია სხვადასხვა სამსახურების. მაგალითად, იყო ორი ზედამხედველობის სამსახური, იქნება ერთი. მაგრამ, აქ პირველ რიგში გათვალისწინებულია პროფესიონალიზმი და სპეციალური კონკურსი ჩატარდა ამის შესახებ წინა პერიოდში და იქიდან ხდება შერჩევები. რა თქმა უნდა, ეს არის მერის პრეროგატივაა მე როგორც დეპუტატი ამაში ვერ ჩავერევი,“ - აცხადებს  ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.

დღის ამბები