15 დეკემბერი 2017,   18:08
ვრცლად
33 წლის მსაჯის თვითმკვლელობას ოჯახი გამორიცხავს და ზეწოლის მიზეზად გარიგებულ საფეხბურთო თამაშს ასახელებს

33 წლის მსაჯის ოჯახის მტკიცებით, ილია ტუღუში მოკლეს. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ეროვნული ჩემპიონატის მსაჯის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ ფოთთან ახლოს, მალთაყვის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახი აცხადებს, რომ სიკვდილის წინა დღეს მსაჯს სახლში საქმის გასარჩევად მიაკითხეს და მას ფულს სთხოვდნენ. ოჯახის მტკიცებით, ზეწოლის მიზეზი გარიგებული საფეხბურთო თამაში იყო.

მატჩი, რომლსაც ოჯახი ილია ტუღუშის მკვლელობის მიზეზად ასახელებს, ლანჩხუთში 3 დეკემბერს ჩატარდა. ერთმანეთს ლანჩხუთის „გურია“ და თელავის საფეხბურთო კლუბი ხვდებოდნენ.

გარდაცვლილი მსაჯის ახლო ნათესავი „კურიერს“ უყვება, რომ თამაში წინასწარ გაყიდული იყო და ის ლანჩხუთი გურიის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მსაჯების მოსასყიდად კი გარდაცვლილს 5 ათასი ლარი გადასცეს.

მსაჯის ნათესავი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა, ილია ტუღუშს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს და შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ.

ლანჩხუთის „გურიის” დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჩხაიძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, თუმცა მასზე ზეწოლას ან გარიგებულ თამაშებთან კავშირს უარყოფს.

გახდა თუ არა გაყიდული თამაში 33 წლის ილია ტუღუშის თვითმკვლელობის მიზეზი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჯერჯერობით უცნობია, დაიკითხნენ თუ არა საგამოძიებო უწყებაში პირები, რომლებსაც გარდაცვლილის ოჯახი ზეწოლაში ადანაშაულებს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ლადო მენაბდე.

დღის ამბები