12 დეკემბერი 2018,   08:14
ვრცლად
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული - გია ნოდია სააკაშვილის დაკავებას აფასებს

„არაფერი არ მოუგია, სააკაშვილთან მიმართებაში შეცდომებს უშვებს და გარკვეული აზრით, აძლიერებს სააკაშვილს პოტენციურად,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

ნოდიას თქმით, სააკაშვილის გაძლიერება ჯერ მოქალაქეობის ჩამორთმევით, შემდეგ კი დაპატიმრებით მოხდა.

„ის არგუმენტაცია, რითაც მან ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა და ახლა დააპატიმრა, არის საკმაოდ სუსტი. აქ ძალიან თვალსაჩინოა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მიერ საზოგადოების პროტესტის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მოხსენიება რეჟიმის შიშზე მიუთითებს.

ნოდია აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან მიმართებით პოროშენკოს ქმედებებში პირადი წყენაც ჩანს.

„ამ თამაშში სხვა ამბავია, სააკაშვილი რამდენად მოიგებს, მაგრამ ის (პოროშენკო) ცალსახად წაგებულია,“ - განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგის თქმით, სააკაშვილის მიზანია, რომ სიტუაცია გაამწვაოს, პოროშენკოს მეტი შეცდომა დააშვებინოს და ამის ფონზე თავად გაძლიერდეს.

„ცხადია, სააკაშვილის გათვლა არის იმაზე, რომ ამ ბრძოლის პროცესში უკრაინელი ხალხი, პირველ რიგში, მას დაინახავს, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ყველაზე შეურიგებელ მებრძოლს და უკრაინაში სწორედ კორუფცია არის ყველაზე დიდი მამობილიზებელი ფაქტორი ანუ ხელისუფლების მიუღებლობის ყველაზე მთავარი საფუძველი,“ - განაცხადა გია ნოდიამ.

გია ნოდიას თქმით, უკრაინის ოპოზიციაში „ეჭვიანობა“ არსებობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის და იულია ტიმოშენკოს ურთიერთობა მარტივი არ იქნება.

„ორივეს აქვს პრაგმატიზმის უნარი, პრაგმატული ქცევის უნარი და შეუძლიათ თანამშრომლობა, მიუხედავად ამ ფარული თუ ღია მეტოქეობის,“ - განაცხადა ნოდიამ და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ტიმოშენკო ფრთხილობს.

გია ნოდიას თქმით, დასავლეთი რთულ მდგომარეობაშია, რადგან უკრაინის ხელისუფლებით იმედგაცრუებულები არიან.

დღის ამბები