17 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
აბსოლუტურად ყველა ბიულეტენები გაყალბებული იყო დავით ასათიანის სასარგებლოდ - ლევან ჯანაშია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაყალბებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატების ერთი ნაწილი ავრცელებს. მათ შორის ხმათა ოდენობით მეორე ადგილზე გასული ლევან ჯანაშიაა. 

ლევან ჯანაშიამ და თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დავით ლანჩავამ, ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვეს. მათი თქმით, ეს არის მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა გუშინ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბება. 

ლევან ჯანაშია არ არის თანახმა, მიიღოს მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში და გუშინდელი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

„ადგილი ჰქონდა დაუდასტურებულ ბიულეტენებს, ანუ არ იყო ბიულეტენები დამოწმებული ბეჭდებით. ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ასევე ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები, ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც კომისიის წევრებს ხელში ეჭირათ ბიულეტენები. აბსოლუტურად ყველა ბიულეტენები გაყალბებული იყო, ბატონი დავით ასათიანის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტებზე არსებობს შესაბამისი ვიდემტკიცებულებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების პროცესის ნამდვილობა თავიდან ბოლომდე დგას ეჭვის ქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი,“ - განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ლანჩავას, თქმით, თავად ზაზა ხატიაშვილია არჩევნების გამყალებებელი.

„ზაზა ხატიაშვილია გამყალბებელი. პირდაპირ ფაქტებია. მე მრცხვენია, რომ ადვოკატი ვარ. როცა კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულად ჩაატარა, იღებს ამ ქაღალდებს, იტენის პალტოში და გარბის. სირცხვილია, რომ იურისტები დოკუმენტებს აყალბებენ,“ - აღნიშნავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, დავით ლანჩავა.

 

დღის ამბები