20 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში - ერთდროულად ორი აქცია ვარდების მოედანზე

“ხმაური გამარჯვებისთვის!” - ამ სლოგანით არის შეკრებილი ხალხი ამ წუთებში ვარდების მოედანზე. თეთრი ხმაურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა, შეიცვალოს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა და ის ჰუმანური გახდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა დროულად მიიღოს და დაამტკიცოს ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი. 

თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის რეფორმის დაუყოვნებლივ განხორციელებას სთხოვენ და შეიცვალოს ის რეპრესირებული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მიმართავენ და სთხოვენ, რომ წლის ბოლომდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება მოხდეს, რომლებიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.

„დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები უნდა შეიცვალოს მხარდაჭერის, ზრუნვის პოლიტიკით და ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტმა ძალიან მოკლე ვადებში დროულად განიხილოს ის კანონპროექტი, რომელიც შესულია ზაფხულიდან. აღარაფერი აღარ არის აქ განსახილველი დამატებით,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ.

თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, ვარდების მოედანზე კონტრაქციას მართავენ სასულიერო პირები. ისინი ადგილზე პლაკატებით მივიდნენ წარწერით  „ნარკომანია სიკვდილია“, „ნარკომანია გზა ჯოჯოხეთისკენ“.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები