19 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნები - კანდიდატების ნაწილი შედეგს სასამართლოში გაასაჩივრებს

"ადვოკატთა ასოციაციაში" ჩატარებული არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს ადვოკატების ნაწილი. ისინი კენჭისყრის გაბათილებას ითხოვენ. დავით ლანჩავას განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

„ზაზა ხატიაშვილი პაჩკას ერთი და იგივე ბიულეტენების, ერთ-ერთ კომისიის წევრს, რომელიც დავიჭირეთ სწორედ ამ ბიულეტენებით, ართმევს და იდებს პალტოში. დაფიქსირდა არა ერთი ფაქტი ბიულეტენების ჩაგდების მცდელობის, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამის მერე მოხდა ყუთების დალუქვა, აღმოჩნდა ხუთით მეტი ბიულეტენი, ანუ ბალანსი არ დაემთხვა ამომრჩეველს გაცემულ ბიულეტენებსა და ჩაყრილ ბიულეტენებს შორის,“ - განაცხადა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ.

ბრალდებებს სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს ხატიაშვილი. მისი თქმით, ლანჩავა კენჭისყრის პროცესის ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობდა. ის დღეს საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს.

„შემოვარდა ლანჩავა და ჩქარა შუქი ითიშება, ჩქარა ბიულეტენები უნდა ჩაყარონ, ჩქარა ყუთები დალუქეთ და ამით პროცესი დაძაბა. შუქი არ ჩამქრალა, მოიგონა ლანჩავამ ეს, ასევე მოიგონა, რომ მე ბიულეტენები ჯიბეში ჩავიდე. ლანჩავამ დაინახა, რომ აგებდა, ის პირველ მეორე ადგილზე ვერ გადიოდა და მოინდომა ამ მართლაც ძალიან გამჭვირვალე პროცესისთვის ჩრდილის მიყენება,“ - აცხადებს"ადვოკატთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

დღის ამბები